სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლუხუმ ჩხვიმიანმა სამსუნის გრან პრიზე იასპარეზა

ლუხუმ ჩხვიმიანმა სამსუნის გრან პრიზე იასპარეზა

თურქეთის ქალაქ სამსუნში გამართულ გრან პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 14 სპორტსმენი იასპარეზებს. ტურნირის პირველი დღე ქართველმა ძიუდოისტებმა უმედლოდ ჩაამთავრეს. 28 მარტს საქმეში თბილისის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ლაშა გიუნაშვილი (60 კგ), თორნიკე თათარაშვილი (66 კგ) და მინდია ლილუაშვილი (66 კგ) ჩაერთნენ.

ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) პირველ შეხვედრაში შვეიცარიელ მიშაელ იტენს  გაფრთხილებებით 3:2 მოუგო. ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევთან ჭიდაობაც ძალიან აქტიურად დაიწყო – მსაჯს მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა, მაგრამ მეორე წუთის ბოლოს ვაზარზე დაეცა და შეხვედრა სათავისოდ ვეღარ შეატრიალა.

ყველაზე შედეგიანად თორნიკე თათარაშვილმა (66 კგ) იჭიდავა. სპორტსმენმა მეორე წრით დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელი ტარლან კარიმოვი მსაჯს ორ წუთში ოთხჯერ გააფრთხილებინა და მოახსნევინა. ბელარუს დიმიტრი შერშანთან მესამე წუთზე შესრულებული სუფთა გდება ვაზარად შეუფასეს, მაგრამ რამდენიმე წამში მეორე ვაზარი აიღო და კვლავ ვადაზე ადრე მოიგო.

მეოთხედფინალში ფრანგ დავიდ ლაროშთან ბოლო წუთამდე შიდოებით იგებდა, მაგრამ საფინალო გონგამდე 50 წამით ადრე ბეჭებზე დავარდა და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს ნახევარფინალში კი ბრიტანელ კოლინ ოუტსთან წააგო და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

მინდია ლილუაშვილმა (66 კგ) ორი შეხვედრა ჩაატარა. გერმანელ სებასტიან სეიდლს პირველსავე შეტევაზე ვაზარი აუღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მერვედფინალში კი ფრანგ ლუის კორვალთან მესამე წუთის მიწურულს ბეჭებზე დავარდა.

მერვედფინალიდან გამოეთიშა ლაშა გიუნაშვილი (60 კგ), რომელმაც მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი რუსეთის ნაკრების სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძესთან წაგებით დაკარგა. საბედისწერო დამარცხებამდე გიუნაშვილმა ლატვიელი ანდრეას მაჯერსის იპონით ძლევა მოასწრო.

ხვალ მედლების მორიგი ოთხი კომპლექტი გათამაშდება - კაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით უშანგი მარგიანი (81 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და შორენა შარაძე (63 კგ) იჭიდავებენ.

<< დაბრუნება 2014-03-28