სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გამარჯვებული ძიუდოისტები ლევან ყიფიანს შეხვდნენ

გამარჯვებული ძიუდოისტები ლევან ყიფიანს შეხვდნენ

სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე გუნდურ შეჯიბრში გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტები სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდნენ და სეზონის უმთავრესი შეჯიბრება შეაჯამეს. ახალგაზრდა სპორტსმენებმა მილოცვები მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძისგან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძისგანაც მიიღეს. 

მინისტრმა დარბაზში მსხდომ სპორტსმენებს, ნაკრების მწვრთნელებსა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას წარმატებული სეზონის, კერძოდ, სლოვენიური მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების გამო მადლობა გადაუხადა. ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ ძიუდო ქართული სპორტის წამყვანი სახეობაა და ახალი თაობა ძიუდოისტთა ბრწყინვალე ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა სლოვენიაში გამართულ შეჯიბრებაზე ყველა მეტოქეს სძლიეს და ერთი ოქროს, ხოლო ორი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ქართველთა წარმატებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა ლევან გუგავამ (73 კგ.) და უშანგი მარგიანმა (81 კგ.). მსოფლიო ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ლევან მიტიაშვილი (100 კგ.) და ლერი ჭელიძე (55 კგ.) დაეუფლნენ. ფინალურ დაპირისპირებაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საბერძნეთი 4:1 დაამარცხა. გუნდური შეჯიბრის პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს, მეოთხედფინალში 5:0 სძლიეს მონღოლეთის ნაკრებს, ხოლო ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით - 5:0 აჯობეს  სლოვენიელ თანატოლებს.

ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები 29 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ახალგაზრდა სპორტსმენებს აეროპორტში ძიუდოს ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

<< დაბრუნება 30-10-2013