ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც 83 ქვეყნის 590 სპორტსმენი მონაწილეობს.
55 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იჭიდავა ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ჯაბა პაპინაშვილმა (მწ: მალხაზ და დათო შეშაბერიძეები) და ჩემპიონატის პირველივე დღეს ოქროს მედალს დაეუფლა.
ჯაბამ ფინალამდე 4 მეტოქეს აჯობა: ფრანგ ტეო რაულ ჰებრარდს (ვაზარით), ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბეს (გაფრთხილებით), მონღოლ უნუბოლდ ლხაგვაჯამს (იპონით) და ყაზახ ბაუირჟან ნარბაევს (ვაზარით).
საჩემპიონო ბრძოლაში ჩვენი მოჭიდავის მეტოქე იყო ევროპის შარშანდელი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ნათიგ გურბანლი. პაპინაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა ორი ვაზარით მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ზაგრების ტატამზე კიდევ 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ოქტომბერს დასრულდება.
<< დაბრუნება | 2017-10-19 |