სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ხუთი მედალი და გუნდური მეორე ადგილი

ხუთი მედალი და გუნდური მეორე ადგილი

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ერთადერთი მედალი გიორგი მეშვილდიშვილმა (125 კგ) მოიპოვა. ქართველი ფალავანი ფინალურ შეხვედრაში რუს მურადინ კუშხოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

პირველ შეხვედრაში მეშვილდიშვილმა აზერბაიჯანელი ალი მაგომედიბიროვი დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ დანილო კარტავს მოუგო.

კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ჰქონდა გიორგი შამათავასაც (61 კგ), მაგრამ ბრინჯაოსათვის ბრძოლაში მოლდოველ მიჰაი ესანუსთან დამარცხდა. წარუმატებლად დასრულდა ალექსანდრე ჯაჭვაძისა (70 კგ) და ირაკლი მწითურის (86 კგ) ასპარეზობაც.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს გამომსვლელ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 57 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და რუსეთს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა, მესამეზე კი 48 ქულით აზერბაიჯანი გავიდა.

<< დაბრუნება 2015-03-26