სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ვერცხლი და ორი ბრინჯაო უნგრეთის გრან-პრიდან

ვერცხლი და ორი ბრინჯაო უნგრეთის გრან-პრიდან

7-8 მარტს უნგრეთის ქალაქ სომბათეიში ჩატარდა გრან-პრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების პირველ დღეს ბრინჯაოს მედლებს რევაზ ლაშხი (66 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი მათე სოფაძე (85 კგ) დაეუფლნენ. მეორე დღეს კი გიორგი ცირეკიძემ (80 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ უკანასკნელმა ფინალამდე უნგრელი უბრანკოვიჩი 9-1, ირანლიე ალი ზირატინეფანი 3-2, ეგვიპტელი ტარეკ მოჰამედი 4-3, ამერიკელი ჯოსეფ პატრიკი 4-4 დაამარცხა, ფინალში კი დაძაბულ ორთაბრძოლაში მასპინძელ პიტერ პასკისთან 0-2 დამარცხდა.

მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა მინდია წულუკიძეს (71 კგ), რომელმაც პირველი შეხვედრა უნგრელ ბალინ კორპასისთან დათმო და რეპეჟაში გადაერთო, სადაც თანაგუნდელ გიორგი ჯავახიას და უნგრელ ზოლტან ლევაის მოუგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ირანელ ტაგერი სარტანდთან მინიმალური ანგარიშით 2-3 დამარცხდა.

ხალიჩაზე მირზა ვანაძე (59 კგ), გოდერძი დავითაძე (59 კგ), მანუჩარ ცხადაია (71 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (71 კგ), გიორგი ჯავახია (71კგ), ვასო იმერლიშვილი (98 კგ) და სოსო ჯაბიძეც (98 კგ) გავიდნენ, თუმცა გრან-პრიზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს.

<< დაბრუნება 2015-03-09