სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი მოჭიდავეები ხორვატიაში მიემგზავრებიან

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი მოჭიდავეები ხორვატიაში მიემგზავრებიან

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენები ბექა კანდელაკი (120 კგ), გიზო მელაძე (55 კგ) და შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) 5-6 აგვისტოს ხორვატიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ზაგრებში გამომსვლელთა ვინაობა პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც ბექა კანდელაკი ჩემპიონი გახდა, ხოლო შმაგი ბოლქვაძემ და გიზო მელაძემ ბრინჯაოს მედლები აიღეს.

ცნობილია, რომ ხორვატიაში გასამგზავრებელი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გელა ბოლქვაძე (74 კგ), ლაშა გობაძე (84) და კუკური კირცხალიაც (96) არიან. დარჩენილი ორი წონა კი 5-6 ივლისს მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე შეივსო - 50 კილოგრამში ალექსანდრე კილაძემ გაიმარჯვა, ხოლო 60-ში - მურად მიქელაძემ.

10 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ბაზალეთზე მიემგზავრებიან, სადაც წვრთნებს ეროვნულ ნაკრებთან ერთად გაივლიან, 24-დან კი ხორვატიაში გაფრენამდე დამოუკიდებლად ივარჯიშებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 50, 60, 74 და 96 კილოგრამების სპორტსმენები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 6 აგვისტოს იასპარეზებენ.

<< დაბრუნება 2014-07-09