სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მძიმეწონოსანი ბექა კანდელაკი ევროპის ჩემპიონი გახდა

მძიმეწონოსანი ბექა კანდელაკი ევროპის ჩემპიონი გახდა

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გამართული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს: მძიმეწონოსანი ბექა კანდელაკი (120 კგ), ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) და გიზო მელაძემ (55 კგ) ბრინჯაოს მედლები აიღეს.

ბექა კანდელაკი (120 კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ისე მივიდა, არც ერთი მეტოქისათვის ერთი ქულაც კი არ დაუთმია. ბელარუს ვსევოლოდს ლაპსოვსს 8:0 სძლია, სლოვაკ ტამას სოოსს – 11:0, უკრაინელ ვლადისლავ ვორონინს 8:0, ფინალში კი ლიტველ მანტას კნისტაუტას 10 უპასუხო ქულა აუღო. 120 კილოგრამში მოასპარეზე სპორტსმენი ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელმა ვაჟა თინიკაშვილმა მოამზადა.

გიზო მელაძემ (55 კგ) ძირითად ბადეში ფინელი ტოუფან აჰმადის ძლევის (6:1 6:0) შემდეგ, მეოთხედფინალში ლიტველ კრისტუპას სლეივასთან წააგო (4:7 0:4) და მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, თავად რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უნგრელ ბენც კოვაცს (6:0 1:1) და სლოვაკ ზოლტან ლევაის (6:0 2:0) აჯობა.

შმაგი ბოლქვაძეც (66 კგ) მეოთხედფინალიდან გადავიდა ბრინჯაოს გზაზე: სლოვაკი ლეოს დრამოლასა (4:0 4:0) და უნგრელი ზოლტან ლევაის (4:0 1:0) იოლად დამარცხების შემდეგ რუს ალექსეი ტადიკინთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (0:1 1:1). დამამშვიდებელ ეტაპზე კი აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან (0:0 3:2) და მოლდოველ დანიელ კატარაგასთან (4:1 1:0) გაიმარჯვა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლაშა გობაძეც (84 კგ), რომელმაც მოლდოველ ვასილე გალუსკას (11:0), ხორვატ ვიეკოსლავ ლუბურიჩსა (8:0) და თურქ ფათიჰ ჩენგიზს (0:0 9:0) აჯობა, მაგრამ გერმანელ დენის კუდლასთან (4:3 0:9) წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც შვედი ზაკარიას ბერგი დაამარცხა (5:0 2:1).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 6 მედალი აიღო, ორი ოქრო და 4 ბრინჯაო. 21 ივნისს ევროპის ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (74 კგ) გახდა, ხოლო კუკური კირცხალიამ (96 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 

<< დაბრუნება 2014-06-24