სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ბერძენ-რომაელების სამი მედალი ევროპირველობიდან

ბერძენ-რომაელების სამი მედალი ევროპირველობიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში 6-10 მაისს გამართული ევროპირველობაზე ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პოდიუმის მესამე საფეხურზე გუნდის უმსუბუქესი წევრი ნუგზარ წურწუმია (42 კგ) ავიდა. მედლის მოსაპოვებლად სულ რაღაც სამი შეხვედრის ჩატარება ეყო: ძირითად ბადეში რუმინელი რაზვან არნაუტს 8:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ კერემ კაზიმ კამალთან 3:6 დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც უნგრელ კრისტიან იშტვან ვანცას 9 უპასუხო ქულა აუღო და ბრინჯაოს დაეუფლა.

ევროპის ჩემპიონის ტიტული მოჭიდავე ნიკოლოზ ჭიკაიძემ (63 კგ) და მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ (100 კგ) მოიპოვეს.

ზვიად პატარიძემ (100 კგ) ბერძენ იოანის სიდიროპულოსს (10:0), ავსტრიელ ფლორიან მატს (4:0), ბელარუს არსენ სიჩო ბოპემბეს (6:6) და რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეის აჯობა (9:0).

ნიკოლოზ ჭიკაიძემ პირველი გამარჯვება ხორვატი ნენად იოტანოვიჩის (8:0) ძლევით მოიპოვა, შემდეგ შვედი ვირგილ ალექსანდერ ბიკა (20:10), გერმანიის ნაკრების წევრი ანდრეჟ კუროჩკინი (9:0) და ფინელი ტონი ტაპიო ოჯალა (14:3) ჩამოიცილა. ფინალში კი სომეხ არმან ბაღდასარიანს დაუპირისპირდა და 10:2 დაამარცხა.

11 მაისს ბულგარულ ხალიჩაზე თორნიკე მელაძე (46 კგ), დავით მარკოიძე (54 კგ) და გურამ ხეცურიანიც (76 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობაზე გამოსვლა დილის ბლოკშივე დაასრულეს.

მეხუთე ადგილზე გავიდა მოჭიდავე გიორგი კურტანიძე (58 კგ), რომელსაც საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში უნგრელი ოლივერ კაიტანის ძლევის (8:0) შემდეგ, მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტთან, სომეხ ზავენ მიქაელიანთან წააგო (0:9). დამამშვიდებელ ეტაპზე კი ჯერ ბულგარელ სიმეონ ფათი დარუიშს აჯობა (6:2), ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში შვედ არდიტ ფაზლიჟასთან 2:5 დამარცხდა.

50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჯონი ხეცურიანმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პირველსავე მეტოქესთან – აზერბაიჯანელ ჯაბარ ნაჯაფოვთან წაგებით (1:9) დაკარგა.

ტურნირში დემურ ქავთარაძე (69 კგ) და გიორგი ბარბაქაძეც (85 კგ) ჩაერთნენ. ქავთარაძე პირველსავე მეტოქესთან - პოლონელ კრჟიშტოფ მარეკ ნიკლასთან დამარცხდა (3:5). ბარბაქაძემ ლიტველ ვალენტას რუდისის სძლია (7:5), მაგრამ უნგრელ დომინიკ ლასზთან წააგო (1:3) და ევროპირველობა მეოთხედფინალური შეხვედრით დაასრულა. 

<< დაბრუნება 2014-05-13