სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოჭიდავეები სეზონს საქართველოს ჩემპიონატით დაასრულებენ

მოჭიდავეები სეზონს საქართველოს ჩემპიონატით დაასრულებენ

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის აღზრდილი მოჭიდავეები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ. გამარჯვებულები 7-10 დეკემბერს, სპორტკომპლექს “არენაში” გამოვლინდებიან.

ოთხდღიანი შეჯიბრების პირველი ორი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. მესამე და მეოთხე დღეს კი ხალიჩაზე ბერძენ-რომაელები გავლენ. საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობა ნაკრების ყველა წევრისთვის სავალდებულო იქნება, რადგან ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე წამსვლელი შვიდეულები ტრადიციულად, სწორედ საქართველოს ჩემპიონებით უნდა დაკომპლექტდეს.

ტურნირს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გერმანელი და ირანელი სტუმრები დაესწრებიან. ამის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ განაცხადა და ისიც დააკონკრეტა, რომ ირანს იქაური ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობა წარმოადგენს, გერმანიიდან კი თბილისს ის სპეციალისტები ესტუმრებიან, რომლებთანაც ქართული მხარე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ფიზიკური მომზადების გასაუმჯობესებლად ითანამშრომლებს. წინასწარი მოლაპარაკებების შემდეგ, სწორედ თბილისში გადაწყდება, რა დონეზე ჩაერთვებიან გერმანელები ქართველი სპორტსმენების სავარჯიშო პროცესში.

<< დაბრუნება 2013-12-05