სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველმა ძიუდოისტებმა გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დაასრულეს

ქართველმა ძიუდოისტებმა გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დაასრულეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბაქოს გრანდ სლემის პირველი დღე წარუმატებელი აღმოჩნდა. ირაკლი უზნაძის გუნდის წევრებმა გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს,

9 მაისს საქართველოს სახელით 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა და გიორგი მესაბლიშვილმა იასპარეზეს, 66 კგ-ში კი-შალვა ქარდავამ და ტრისტან ფეიქრიშვილმა.

ოთხი სპორტსმენიდან ყველაზე შედეგიანად იჭიდავა შალვა ქარდავამ (66 კგ), რომელიც ბრძოლაში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი ზოლტ გორიანაცის ვაზარით ძლევის შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა ბრიტანელ კოლინ ოუტსთან ვეღარას გახდა, სუფთად წააგო და რეპეშაჟში გადაერთო. ქართველმა ძიუდოისტმა ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან ბრინჯაოს ერთი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ისევ იპონით დამარცხდა და გრანდ სლემზე მე-7 ადგილი დაიკავა.

ტრისტან ფეიქრიშვილმა (66 კგ) მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა და ისიც ყაზახ მეტოქესთან, ჟანსაი სმაგულოვთან ვაზარით დამარცხდა.

პირველივე მოწინააღმდეგესთან წააგო ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60 კგ), მეორე წუთის დასაწყისში, როდესაც მას და ჰოლანდიელ ხეროენ მუურენს თითო შიდო ჰქონდათ, მსაჯმა ქართველი მსუბუქწონოსანი წესის დარღვევის გამო შეხვედრიდან მოხსნა.

60 კილოგრამში გიორგი მესაბლიშვილმაც იასპარეზა: პირველ წრეში თურქმენეთის ნაკრების წევრი ბეგლი მერეტგელდიევი ჩამოიცილა, უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან კი ვეღარააფერს გახდა.

10 მაისს მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო ზეგ – 90, 100 და +100 კილოგრამებში.

ცნობილია საქართველოს ნაკრების პირველ მეტოქეების ვინაობა:

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გრანდ სლემს აზერბაიჯანელ ვუგარ ბაირამოვთან შეხვედრით გახსნის, თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) კი თურქ ბაირამ ჩეილანს დაუპირისპირდება.

ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) - უზბეკ შახზოდ სობიროვთან იასპარეზებს, უშანგი მარგიანი (81 კგ) კი - არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვადიმ ბოკანსა და ჩინელ ჰემუბატუ ერის შორის მოგებულთან.

ზვიად გოგოჭური (90 კგ) ჰოლანდიელი ჯილომ ელმონისა და ჩინელი რიჯიგავა სის წყვილიდან გასულს შეხვდება, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) – შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს.

გურამ თუშიშვილი (100 კგ) - რუსეთის ნაკრების წევრ ზაფარ მახმადოვს დაუპირისპირდება, ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) - ყაზახ მაქსიმ რაკოვს, როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) - მაროკოელ ელ მეჰდი მალკის, გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) - აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ წევრ უშანგი კოკაურს, ხოლო საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრი ირინე ლეონიძე (+78 კგ) - ჩინელ ქსიაონან ქის.

<< დაბრუნება 2014-05-09