სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი ძიუდოისტები თბილისურ გრან პრიზე იასპარეზებენ

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი ძიუდოისტები თბილისურ გრან პრიზე იასპარეზებენ

21-23 მარტს საქართველო პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს - გრან პრის უმასპინძლებს, რომელშიც „ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ აღზრდილი სპორტსმენები - ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ტრისტან ფეიქრიშვილი (66 კგ.) და უშანგი მარგიანი (81 კგ.) მიიღებენ მონაწილეობას.

შეჯიბრებაში 24 ქვეყნის ნაკრები ჩაერთვება და 192 ძიუდოისტი იასპარეზებს, აქედან 37 საქართველოს სახელით იჭიდავებს. საქართველოს ნაკრები შვიდივე წონაში 4-4 ძიუდოისტით გამოვა. ქართველმა ძიუდოისტებმა უკვე შეიტყვეს მომავალი მეტოქეების ვინაობა.

21 მარტს მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება - კაცებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 48, 52 და 57 კილოგრამებში.

60 კილოგრამში 16 მონაწილეს შორის პირველ ნომრად ამირან პაპინაშვილი გამოვა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტურნირს მონღოლ ცედენ იშ რაახნაჯავთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი ყაზახი გაბიტ იესიმბეტოვისა და სომეხი გარიკ ჰარუთინიანის წყვილიდან გასულს დაეჭიდება.

უმსუბუქეს წონაში საქართველოს სახელით საქმეში გიორგი ბროლაშვილი, პაატა მერებაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანიც ჩაერთვებიან. მერვედფინალში ბროლაშვილი აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლის დაუპირისპირდება, მერებაშვილი – ებრაელ იოავ შემეშს, ხოლო ჩხვიმიანი – სომეხ გრიგორ ივანიანს.

66 კილოგრამში სატურნირო ბადეში გადანაწილებულ 20 ძიუდოისტს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი უკრაინის ნაკრების წევრ გიორგი ზანთარაიას აქვს, რომელთანაც ყველაზე ახლოს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტრისტან ფეიქრიშვილი მოხვდა. მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება, ოღონდ იქამდე თითო ეტაპი უნდა დაძლიონ. ფეიქრიშვილი მერვედფინალში აზერბაიჯანელ ტარლან კარიმოვს შეხვდება.

გიორგი ქალდანი და გელა კელიხაშვილი საქმეში პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებმებიან. ქალდანი ყაზახ ნაურუზბეკ მაილაშევს შეხვდება, კელიხაშვილი – ებრაელ ბარ რაუფმანს. შალვა ქარდავა კი, ფეიქრიშვილის მსგავსად, მეორე წრით დაიწყებს, სადაც სომეხ დავით ხაზარიანს უნდა დაეჭიდოს.

22 მარტს მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება მედლები, ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. 23 მარტს კი მამაკაცები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოავლენენ საუკეთესოებს, ქალები - 78 და +78 კილოგრამებში.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები სამივე დღეს დილის 10 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის ბრძოლები – 17-საათიდან. 

თბილისის გრან პრის ფინალური ბლოკის პირდაპირი ტრანსლაციები სამივე დღეს 17:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცემა, ხოლო ტურნირის სრული ტრანსლაცია გადაიცემა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინტერნეტელევიზიით მისამართზე - http://www.ijf.org/ ტურნირის საპრიზო ფონდია 100 000 დოლარი, დასწრება უფასოა.

 

21 მარტი

10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები -60 კგ, -66 კგ. ქალები -48 კგ, -52 კგ, -57 კგ)

16:30 - გრან პრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი

17:00 - ფინალური ბლოკი

 

22 მარტი

10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები -73 კგ, -81 კგ. ქალები -63 კგ, -70 კგ)

17:00 - ფინალური ბლოკი

 

23 მარტი

10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები -90 კგ, -100 კგ, +100 კგ. ქალები 78 კგ, + 78 კგ)

17:00 - ფინალური ბლოკი

<< დაბრუნება 2014-03-20