სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა 2014 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა 2014 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

10 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა 2014 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა სპორტსმენთა მიღწევებზე, მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მასთან ერთად ცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა თამაზ თევზაძემ და აკაკი ლოდიამ ისაუბრეს. 

ბრიფინგის დასასრულს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ საუკეთესო სპორტსმენებს დირექტორისგან წამახალისებელი ჯილდოები გადაეცათ.

2014 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ:

ლევან გუგავა (81 კგ) - ძიუდო (ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი)

შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) - ბერძნულ-რომული ჭიდოაბა (მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის თასის გამარჯვებული)

გიორგი ჩხარტიშვილი (86 კგ) - თავისუფალი ჭიდაობა (ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი)

ნიკა ნანაძე (74 კგ) - ძალოსნობა (საქართველოს ჩემპიონი)

ბექა ხარძიანი (75 კგ) - კრივი (საქართველოს ჩემპიონი დიდებში)

2014 წლის საუკეთესო მწვრთნელი: ვაჟა კრავეიშვილი - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

2014 წელს სოციალურად დაუცველი, ნიჭიერი სპორტსმენების მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზით უზრუნველყოფის მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრებ სპორტსმენთა რაოდენობა 70-დან 120-მდე, ხოლო მოსიარულე ბავშვთა კონტიგენტი 300-მდე გაიზარდა. უფასო სპორტული სექციებისთვის განსაკუთრებული მონაცემების მქონე სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეირჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა არაერთხელ მიაღწიეს მაღალ შედეგებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ტურნირებზე - მსოფლიო პირველობაზე - 6 მედალი, ევროპის პირველობაზე - 20 მედალი, საქართველოს პირველობაზე - 58 მედალი, ხოლო საერთაშორისო და სხვა ტურნირებზე - 154 მედალი, ჯამში - 238 მედალი.

2015 წელს ოლიმპიური ცენტრის ბაზაზე იგეგმება ძიუდოსა და კრივის დარბაზის მშენებლობა, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს სპორტსმენთა სავარჯიშო პირობებს. ოლიმპიურ ცენტრის სამომავლო გეგმების ფარგლებში, სპორტსმენთა ფიზიკური გაჯანსაღებისთვის აშენდება საცურაო აუზი, შექიმნება სარეაბილიტაციო ცენტრი და კეთილმოწყობილი გასახდელები, ასევე გარემონტდება დევნილებისაგან გამოთავისუფლებული შენობა, სადაც გაკეთდება სასტუმრო სპორტულ შეკრებებზე ჩამოსული სპორტსმენებისთვის.

https://www.youtube.com/watch?v=AElVQZS6Ats

<< დაბრუნება 2014-12-10