სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურმა ცენტრმა ირბინა მსოფლიოსთან ერთად!

ოლიმპიურმა ცენტრმა ირბინა მსოფლიოსთან ერთად!

"საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის" თანამშრომლები და "ცენტრში" მცხოვრები სპორტსმენები შეუერთდნენ ღონისძიებას - Wings for Life World Run, რომელიც კახეთში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ყველაზე მასშტაბურმა ღინისძიებამ მოიცვა მსოფლიოს 35 ლოკაცია, რომლის ყველა მონაწილემ 4 მაისს 14 საათზე ერთდროულად ირბინა.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 3 000 ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან 300-ზე მეტი უცხოელი 26 სხვადასხვა ქვეყნიდან.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იყო სპეციალური „ფინიშ მანქანა", რომელმაც სტარტიდან 30 წუთში დაიწყო სვლა და იმოძრავა წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანამ გადაუსწრებო მორბენალს, ის ავტომატურად გამოეთიშა შეჯიბრს.

მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდა 2 მსოფლიო და 2 ლოკალური გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი.

საქართველოს რბენის გამარჯვებული მამაკაცი გახდა ანატოლი ოლეინიკოვი, რომელმაც 52.65 კმ. ირბინა, ქალებს შორის კი "ფინიშ მანქანა" ყველაზე გვიან მარიელ კარმანოლის 25.34 კმ-ს გარბენის შემდეგ დაეწია.

Wings for Life World Run-ის გლობალური ჩემპიონი მამაკაცი ავსტრიის გარბენის მონაწილე ეთიოპიელი ლემავორკ კეტემა გახდა, მან 78.57 კმ. დაძლია, ქალებს შორის კი მსოფლიო მასშტაბით ნორვეგიელმა ელისე სელვიკვაგ მოლვიკმა მოიოგო, რომელიც 59.74 კმ-ზე გამოეთიშა გარბენს.

საქართველოს რბენის გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, რომელშიც ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა: "ყველა", "გამოუვალი მდგომარეობა", "მწვანე ოთახი", Loudspeakers-ი, Catch the Clouds-ი - მიიღეს მონაწილეობა. სცენა ლოპოტას გადასახვევთან, სტარტის ზონაში იყო მოწყობილი.

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

<< დაბრუნება 2014-05-05