სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურმა ცენტრმა სამინისტროში წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

ოლიმპიურმა ცენტრმა სამინისტროში წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორმა შალვა გოგოლაძე 13 დეკემბერს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ღონისძიებას სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილეები - თამაზ თევზაძე და აკაკი ლოდია დაესწრნენ.

ცენტრის ხელმძღვანელმა სპორტსმენთა მიღწევებზე, მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის გაუმჯობესებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბრიფინგის დასასრულს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ საუკეთესო სპორტსმენებს დირექტორისგან წამახალისებელი ჯილდოები გადაეცათ - სპორტსმენები მინისტრმა და მოადგილეებმა დააჯილოდოვეს. ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა შალვა გოგოლაძემ კი ლევან ყიფიანი, თამაზ თევზაძე და აკაკი ლოდია დააჯილდოვა.

სასწავლო-საწვრთნელი პროცესის გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 2013 წლის ზაფხულში ოლიმპიურ ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რომლის ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდა და შერემონტდა ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტული არენა, ძალოსნობის დარბაზი, კეთილმოეწყო და გარემონტდა საშხაპეები, გასახდელები და მწვრთნელთა სამუშაო ოთახები, დარბაზები აღიჭურვა გათბობის სისტემებით და სპორტული ინვენტარით, განახლდა სპორტული შენობების ფასადი. 

განხორციელდა ტრენაჟორებისა და შტანგების შეძენა და ამისთვის ცალკე მოეწყო სატრენაჟორო დარბაზი, სადაც ფიზიკურ მზადებას გადიან ცენტრში მცხოვრები და ცენტრის ბაზაზე მოვარჯიშე სპორტსმენები. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვება და საყოფაცხოვრებო პირობები.

აღნიშნული სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სპორტსმენთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მათი სპორტული წარმატებისა და მოტივაციის ზრდის საფუძველია. ოლიმპიურ ცენტრში აღზრდილმა სპორტსმენებმა არაერთხელ მიაღწიეს მაღალ შედეგებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ტურნირებზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაციით 2013 წელს სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ფეხბურთელთა საცდელი ჯგუფი შეიქმნა. ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენები როგორც სხვადასხვა საფეხბურთო სკოლების წამყვანი მოთამაშეები, ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსეული წევრები არიან.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თაოსნობით ოლიმპიურ ცენტრში საფეხბურთო სექციის შექმნამ ახალგაზრდა ფეხბურთელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად  დმიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2014 სასწავლო წლის იანვრიდან ცენტრში ფეხბურთელთა უფასო ჯგუფიც იმუშავებს. ფეხბურთელთა განკარგულებაში იქნება ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედნები, მათ დაოსტატებაზე კი კვალიფიციური მწვრთნელები იზრუნებენ.

2014 წლის იანვარში ცენტრის ბაზაზე მცხოვრებ სპორტსმენთა რაოდენობა 120-მდე გაიზრდება. უფასო სექციებისთვის განსაკუთრებული სპორტული მონაცემების მქონდე ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეირჩევიან. მომავალი წლიდან იგეგმება კრივისა და ძიუდოს დარბაზის  მშენებლობა, კეთილმოწყობა, ძველი ამორტიზირებული საცურაო აუზის ადგილას თანამედროვე ტიპის აუზის აშენება, ასევე საძილე კორპუსის რემონტი და კეთილმოწყობა.

ადგილობრივ თუ საერთაშორისო ჩემპიონატებსა და ტურნირებში (ყველა ასაკობრივ ჯგუფში) ცენტრში მცხოვრებ და მოვარჯიშე სპორტსმენთა შედეგები შემდგენაირად გადანაწილდა: სხვადასხვა ტურნირებში სპორტსმენებმა მოიპოვეს სულ 128 მედალი, აქედან მსოფლიო პირველობაზე - 4 მედალი, ევროპის პირველობაზე - 5 მედალი, საქართველოს პირველობაზე - 50 მედალი და საერთაშორისო ტურნირებზე - 69 მედალი.

აღსანიშნავია, ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ სპორტსმენთა 2013 წლის შედეგები:

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა:
გურამ ფერსელაძე (120 კგ.) - საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი
შმაგი ბოლქვაძე (66 კგ.) - მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში - II ადგილი, საქართველოს ჩემპიონატი - II ადგილი

თავისუფალი ჭიდაობა:
შოთა ფარტენაძე (54 კგ.) - მსოფლიოს პირველობა ახალგაზრდებში - III ადგილი
რამაზ ზოიძე (46 კგ.) - საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატი - II ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი

ძიუდო:
ლევან გუგავა (73 კგ.) - ევროპის ჩემპიონატი - III ადგილი, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული ახალგაზრდებში

კრივი: 
იაგო გედენიძე (80 კგ.) - საქართველოს ჩემპიონი, მსოფილო და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე

ძალოსნობა:
ვილი ალექსიძე (94 კგ.) - საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში, საქართველოს ჩემპიონატი დიდებში - II ადგილი

სამბო:  
გიორგი მეტრეველი (60 კგ.) - მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებში

http://www.youtube.com/watch?v=id7k7vmwNdI#t=171

<< დაბრუნება 13-12-2013